დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაკავებლად, კიევმა კომპლექსური ზომების პაკეტი შეიმუშავა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შესაკავებლად, კიევმა კომპლექსური ზომების პაკეტი შეიმუშავა.
მინისტრის თქმით, გასული წლის ნოემბერში, როდესაც ევროპელ პარტნიორებთან შეკავების კომპლექსური პაკეტის საჭიროებაზე საუბრობდა, მან აღნიშნა, რომ ის სამი ელემენტისგან უნდა შემდგარიყო: აქტიური მკაცრი დიპლომატიის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისგან.
როგორც კულება აღნიშნავს, ენთუზიაზმი დიდი არ ყოფილა. თუმცა, სამი თვის შემდეგ ვითარება ისე შემობრუნდა, რომ უკრაინაში ახლა ყოველდღიურად თვითმფრინავების შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა ჩააქვთ. დამუშავებულია სანქციების პაკეტი და მოსკოვმა იცის, რომ ეს უკვე კონკრეტული ზომებია, რომელიც მის ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორს დაარტყამს.
დმიტრო კულებას თქმით, ბოლო ერთ თვეში, კიევი საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრი გახდა და მოკავშირეები თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
„პრინციპში, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ შეკავების კომპლექსური პაკეტის ფორმირების ამოცანა შესრულებულია, დიპლომატიამ თავისი სამუშაო შეასრულა და რუსეთის აგრესიის ახალი ტალღის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა“, – განაცხადა კულებამ ბრიფინგზე.
ამასთან, უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპლექსური ზომები კიევის პოზიციებს აძლიერებს ნორმანდიული ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. კიევი შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს მხოლოდ დიმპლომატიურ გზაში ხედავს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა უარს არ ამბობს მინსკის შეთანხმების რეალიზაციაზე, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ამას არ გააკეთებენ რუსეთის პირობებით.