დმანისის მერი აცხადებს, რომ სოფელ შახმარლოში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება
დმანისის მერი აცხადებს, რომ სოფელ შახმარლოში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება

საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში შაბან კოჯაევის საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ასევე, რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.

სოფელ შახმარლოში იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი. მისი თქმით, სახლის მდგრადობას და მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება.

„თბილისის დროით დაახლოებით 22:25 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. როგორც სეისმოლოგიის ცენტრმა გვაცნობა, დაახლოებით 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. ამ ეტაპზე რაც დავაფიქსირეთ, ეს არის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში, შაბან კოჯაევის ოჯახში, სადაც საცხოვრებელი სახლის კედლის ნგრევა მოხდა. შევისწავლეთ სახლის ამჟამინდელი მდგრადობა, შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთ“, – განაცხადა კობა მურადაშვილმა.

13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.