ჟურნალმა TIME-მა ქუთაისი 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალი TIME მკითხველს 2024 წლის 100 ექსტრაორდინარულ მიმართულებას სთავაზობს, რომელსაც უნდა ეწვიო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოცემის სიაში საქართველო და ქუთაისი მოხვდა. სტატიაში აშშ-ის, მექსიკის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის და მსოფლიოში პოპულარული ტურისტული ქვეყნების ქალაქები, კურორტები, ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიებია აღწერილი.
„თბილისისა და კახეთის ღვინის რეგიონის გარდა, საქართველოში შეგიძლიათ მოინახულოთ ქუთაისი. აქ თქვენ აღმოაჩენთ ბუტიკურ სასტუმროებს. ქუთაისი არაოფიციალურად საქართველოს კულტურული დედაქალაქია. ქუთაისი თანდათან კრეატიულობისა და გემოვნების ცენტრის სტატუსს იბრუნებს. ინტერიერის დიზაინერი კატია სამსონაძე ქუთაისის მხატვრულ ისტორიას თანამედროვე ნოსტალგიით ასახავს თავის შემოქმედებაში. მეოცე საუკუნეში ქუთაისი ნოველისტებითა და სიმბოლისტი პოეტებით იყო ცნობილი“, – წერს TIME-ის ჟურნალისტი.
სტატიაში აღწერილი ქუთაისის ქუჩები, იასონისა და მედეას ქანდაკებები. TIME-ის ყოველკვირეულ ბეჭდურ გამოცემას – 26 მილიონი, ხოლო ონლაინ გამოცემას 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.