ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ 2021 წლის პერსონად „სფეის იქსის“ დამფუძნებელი, კომპანია „ტესლას“ გენერალური დირექტორი, მილიარდერი ილონ მასკი დაასახელა. ჟურნალის რედაქტორის ედვარდ ფელზენტალის თქმით, „წლის პერსონად“ დასახელება გავლენის მაჩვენებელია და რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა წელს მასკიზე მეტი გავლენა დედამიწაზე, სიცოცხლეზე და შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთაც.
მისი თქმით, ილონ მასკი 2021 წელს გახდა არა მარტო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, არამედ საზოგადოებაში მასობრივი ცვლილებების ყველაზე ნათელი მაგალითი.
ილონ მასკისადმი მიძღვნილ სტატიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს ამჟამად არ აქვს სახლი და ცოტა ხნის წინ თავისი ქონებაც გაყიდა, მას ორბიტაზე თანამგზავრები ჰყავს გაშვებული და გადაადგილებისთვის მის მიერვე შექმნილ ავტომობილს იყენებს, რომელიც არ მოიხმარს ბენზინს და არ საჭიროებს მძღოლს, მას ხელის ერთი აქნევით შეუძლია საფონდო ბირჟაზე გავლენის მოხდენა და ოცნებობს მარსზე დასახლებაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ისწრაფვის, გადაარჩინოს დედამიწა და ამასთან იპოვოს საცხოვრებლად ვარგისი ახალი პლანეტა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჟურნალმა „ფორბსმა“ ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა. იმ დროისთვის მისი ქონება 272,3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
ჟურნალმა „თაიმმა“ წლის გმირებად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მომუშავე მეცნიერები დაასახელა, წლის არტისტად – ოლივია როდრიგო, ხოლო წლის ათლეტად – ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილზი დაასახელა.