მსოფლიო მასშტაბით ციხეში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
მსოფლიო მასშტაბით ციხეში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით ციხეში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველი დეკემბრისთვის ჟურნალისტური საქმიანობისთვის დაკავებულ რეპორტიორთა რაოდენობამ 293 შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 280-ს შეადგენდა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს ჟურნალისტური საქმიანობის გამო, სულ მცირე 24 ჟურნალისტი დაიღუპა, 18 ჟურნალისტი კი ბუნდოვან ვითარებაში გარდაიცვალა.

კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ციხეში მყოფ ჟურნალისტთა რაოდენობით ზედიზედ მესამე წელია, პირველ ადგილს იკავებს ჩინეთი, სადაც მიმდინარე წლის მონაცემებით, 50 ჟურნალისტი იმყოფება ქვეყნის საპატიმროებში. მეორე ადგილზე არის მიანმარი, სადაც ჟურნალისტთა დაკავების მაჩვენებელი პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გაიზარდა. ხუთეულში ასევე შედიან ეგვიპტე, ვიეტნამი და ბელარუსი.

თურქეთმა, რომელიც წინა წლებში ციხეში ჟურნალისტთა რაოდენობის მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა, მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. კომიტეტის ინფორმაციით, გასულ წელს თურქეთმა 18 ჟურნალისტი გაათავისუფლა ციხიდან. დადებითი ტენდენცია შეინიშნება საუდის არაბეთშიც, სადაც მთავრობამ საპატიმროებიდან ათი ჟურნალისტი გაათავისუფლა.

კომიტეტის განმარტებით, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტების ციხიდან გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში პრესის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია. კომიტეტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში განხორციელებულმა რეპრესიებმა ბევრ ჟურნალისტს საკუთარი საქმიანობის მიტოვება გადააწყვეტინა, ხოლო საუდის არაბეთისთვის, 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა და 2019 წელს რამდენიმე ჟურნალისტის დაკავება, მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების გაჩუმების ეფექტური საშუალება გამოდგა.

ათეულში ასევე შედიან რუსეთი, ირანი და ეთიოპია. წლიურ ანგარიშში პირველად მოხვდა ჰონგ კონგი, სადაც ჟურნალისტთა დაკავების ფაქტები 2020 წელს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღების შემდეგ გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით 293 ციხეში მყოფი ჟურნალისტებიდან 40 ქალია.

გარდა ამისა, კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს 19 ჟურნალისტი იქნა მოკლული საკუთარი საქმიანობის გამო, სამი მათგანი კონფლიქტის ზონაში რეპორტაჟის მომზადების დროს, ხოლო ორი საპროტესტო აქციების გაშუქებისას დაიღუპა.