რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში რუსი დაქირავებულების დაღუპვის შესახებ პირველმა დაწერა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა
რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში რუსი დაქირავებული მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველმა დაწერა, ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
მაქსიმ ბოროდინი „ნოვი დენის“ თანამშრომელი იყო. ის 15 აპრილს ეკატერინბურგში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ბოროდინი მეხუთე სართულზე მდებარე საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადავარდა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოროდინი ერთ-ერთი პირველია, ვინც სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების სირიაში დაღუპვის შესახებ დაწერა.
რუსი მებრძოლები საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად თებერვლის დასაწყისში დაიღუპნენ.
რუსული მედიის ცნობით, დაქირავებული რუსი სამხედროები ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აღებას ცდილობდნენ, როდესაც მათ პოზიციებზე იერიში აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციის ავიაციამ მიიტანა.
როგორც გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგები ამბობენ, ეჭვი ეპარებათ, რომ ბოროდინი ფანჯრიდან შემთხვევით გადავარდა, ან თავი მოიკლა. „ნოვი დენის“ მფლობელი მედიაკომპანიის რედაქტორმა განაცხადა, ბოროდინს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.
მაქსიმ ბოროდინი რეზონანსულ თემებზე ხშირად წერდა, 2017 წელს მას ერთ-ერთი ინტერვიუს გამო თავს დაესხნენ და მეტალის მილით სცემეს.