ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. დღეს, 30 მაისს არკადი ბაბჩენკო ჟურნალისტების წინაშე გამოჩნდა. პრესკონფერენციაზე ბაბჩენკო უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსთან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი გრიცაკთან ერთად მივიდა.
რუსმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი „მკვლელობა“ სამართალდამცველების მიერ დაგეგმილი ინსცენირება იყო.
პრესკონფერენციაზე ბაბჩენკომ ბოდიში მოუხადა ახლობლებს პოლიციის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში ფარული მონაწილეობის გამო. ამ ოპერაციის შესახებ არ იცოდა ბაბჩენკოს მეუღლემაც კი.
ამასთან, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი მკვლელობა ნამდვილად შეუკვეთეს, რის შესახებაც ერთი თვის წინ გაიგო. სწორედ ამიტომ დაიგეგმა ინსცენირება. უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, ჟურნალისტის მოკვლა რუსულ სპეცსამსახურებს სურდათ, რაშიც 40 ათასი აშშ დოლარი გადაიხადეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია პირი, რომელიც ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა.
29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კიევში ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს.