ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.
ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ. მისი განმარტებით, ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.