ჟურნალი Belle About Town-ი ქართული გასტრონომიის შესახებ წერს - „აღმოაჩინეთ საქართველო კერძებით“
ბრიტანული სამოგზაურო, კულტურისა და კულინარიის ჟურნალი Belle About Town-ი საქართველოს კულინარიული პოტენციალის შესახებ წერს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემის მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი ლონდონში National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს კუთხეს ესტუმრა და მკითხველს ქართული კერძები და ღვინო გააცნო.
„Geographic Traveller Food Festival-ს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წამყვანი ქართველი შეფები და სომელიეები შეუერთდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ფესტივალზე, რათა მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ და ღვინის მასტერკლასებში. მოეწყო დეგუსტაცია და დისკუსია ქართული კერძების შესახებ. სტუმრებმა აღმოაჩინეს ქართული მევენახეობის 8-ათასწლოვანი ისტორია. სომელიე ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს გააცნო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დაყენებული ღვინო“, – წერს მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს პირველად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller-ის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია გაიმართა“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.