ჟურნალ Food and Wine-ის შემოქმედებითი ჯგუფი ქართული ღვინის შესახებ სტატიას ამზადებს
აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალტირაჟიანი და პოპულარული ჟურნალის, Food and Wine-ის 2018 წლის ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამ მიზნით, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჟურნალ Food and Wine-ის აღმასრულებელი რედაქტორი რეი აილი (Ray Isle) და ჟურნალის ფოტოგრაფები იმყოფებოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, „Food and Wine“-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა მოინახულა ღვინის მწარმოებელი მცირე და დიდი მარნები ქართლსა და კახეთში და ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნო.
რეი აილის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიციის გაცნობა.
„სტატია ეხება როგორც ქართულ ღვინოს, ასევე ქართულ სამზარეულოს. როგორი განუყოფელია და როგორ ეხამება ისინი ერთმანეთს. მე დიდი ხანია ღვინოებზე ვწერ. ბოლო 4-5 წელია ამერიკის სომელიეთა და რესტორნების საზოგადოებაში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი გაჩნდა. გამისინჯავს ქართული ღვინო, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამ ქვეყანაში და არც ქართული ღვინის საწარმოში. არ მინახავს, როგორ ამზადებენ ამ ღვინოს, არ ვყოფილვარ ვენახში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ხალხი გაიცნობს ქართულ ღვინოს და სამზარეულოს და მის მშვენიერებას გაიგებს “ – აღნიშა მან.
რეი აილი პირველად სტუმრობდა საქართველოს და როგორც თავად აცხადებს, აშშ-ში შთაბეჭდილებებით ბრუნდება.
„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ადამიანებია, აქაური კულტურა. ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, გახსნილია ვიზიტორებისთვის, რითაც საქართველომ უნდა იამაყოს. აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, სადღეგრძელოების ტრადიცია, სტუმრის პატივისცემა, მიპატიჟება, ასეთი რამ შეერთებულ შტატებში არ არის, სასიამოვნოა, იყო ამ ყველაფრის ნაწილი” – განაცხადა მან.
Food and Wine-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით. ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი შეადგენს 925 ათასს თვეში, ხოლო მიმდევარი სოციალურ მედიაში 2,3 მილიონს აჭარბებს.