ჟოზეფ ბორელი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გართულებულია, თუმცა დუმილის კედლის აღმართვა გამოსავალი არ არის
რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები რთულა, თუმცა დუმილის კედლის აღმართვა გამოსავალი არ არის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
ურთიერთობების გამწვავების ერთ-ერთ მიზეზად ევროპელმა დიპლომატმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმე დაასახელა.
„ჩვენი ურთიერთობები ამჟამად ნამდვილად რთულ მომენტს გადის. ჩვენი ურთიერთობები ახლა უკიდურესად დაძაბულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავალნის საქმეა. ჩვენ დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური კავშირების ფართო სპექტრით. ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დუმილის კედლის აღმართვა გამოსავალი არ არის და ჩემი ვიზიტი თქვენს მოწვევაზე საპასუხოდ არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შორის მნიშვნელოვანია, რაც გვადარდებს და რაც სასარგებლოა უკეთესი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად“, – განაცხადა ბორელმა.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვისა და ბრიუსელის წინაშე მთავარი პრობლემა რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში ნორმალურობის არარსებობაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენს წინაშე არსებული მთავარი პრობლემა ევრაზიულ სივრცეში უმსხვილეს მოთამაშეებს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ნორმალურობის არსებობა. ეს რა თქმა უნდა, არაჯანსაღი ვითარებაა, რომელსაც სარგებელი არავისთვის მოაქვს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დეტალური და გულწრფელი მიმოხილვის აუცილებლობა დიდი ხანია „მომწიფდა და გადამწიფდა“.