ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროპა ჩინეთთან ურთიერთობის დროს „მიამიტი აღმოჩნდა“.
მისივე განცხადებით, ჩინეთი ევროკავშირის „პარტნიორიც და მეტოქეც თანაბრად არის, რომელსაც მმართველობის ალტერნატიული მოდელის წინ წამოწევა სურს“. ამის შესახებ განცხადება ბორელმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ჩინეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ მულტილატერალიზმს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებს გლობალური მმართველობა ერთნაირად ესმის, განსაკუთრებით კრიზისის დროს.
„ჩვენ, ევროპელები მხარს ვუჭერთ ეფექტურ მულტილატერალიზმს, როდესაც ცენტრალურ როლს გაერო თამაშობს. ჩინეთს კი შერჩევითი მულტილატერალიზმი სურს, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგის განსხვავებულ გაგებას“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ჩინეთში ხელოვნურად შექმნეს.
„აშშ-ის პრეზიდენტი სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ მან მოგვცა რეკომენდაცია, დაგველია სადეზინფექციო ხსნარები“, – განაცხადა ბორელმა.