ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან
ევროკავშირი, რასაკვირველია, უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა პერსონალურ ბლოგზე დაწერა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გამოაქვეყნა წინადადების პროექტი რუსეთსა და აშშ-ს, ასევე ნატო-ს ევროპელ წევრებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და ევროკავშირი ასეთი დისკუსიების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
„ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა და პარიზის ქარტიამ შემოგვთავაზა ძირითადი პრინციპები, რომელთა ირგვლივ ავაშენეთ ევროპული უსაფრთხოება ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეუთო, კერძოდ, გვთავაზობს მექანიზმებსა და წესებს, რომლებიც რჩება რუსეთთან ნებისმიერი ჩართულობის ქვაკუთხედად“, – წერს ბორელი.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ასევე ეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და აღნიშნავს, რომ სამიტზე ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი რეგიონული დაძაბულობები და რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები იყო.
ბორელის განცხადებით, სამიტი, სადაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები იმყოფებოდნენ, სტრუქტურირებული იყო „აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმის“ გარშემო, რომლის დროსაც ევროკავშირმა 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარადგინა.