ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი გმობს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
ევროკავშირი გმობს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ გააძლიეროს კიბერმედეგობა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, საქართველო მიზანმიმართული კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, რამაც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
ბორელი წერს, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ კიბერთავდასხმის გამო, რომელიც ძირს უთხრის ინტერნეტით გათვალისწინებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის განვითარებას, ინფორმაციულ, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
„შეშფოთებული ვართ კიბერსივრცეში უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედების ზრდის გამო და გავაგრძელებთ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელსაც კიბერსივრცე უქმნის როგორც შიდა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ევროკავშირი და მისი წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიერონ თანამშრომლობა, გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის სასარგებლოდ, სადაც ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა სრულად გამოიყენება. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ თავიანთ ვალდებულებას, გააგრძელონ კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ხელშეწყობა. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს წვლილის შეტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.