ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები და ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში ერთიან პოზიციას იზიარებენ
საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები და ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში ერთიან პოზიციას იზიარებენ.
აღნიშნულის შესახებ ჟოზეფ ბორელმა დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული ქვეყნების შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე, უკრაინაში არსებული ვითარება, სადაც რუსეთი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ზრდის. ბორელის თქმით, ყველა მონაწილე მხარე იზიარებს საერთო პოზიციას და დგას უკრაინის გვერდით მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
ასევე, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ამჟამად შეხვედრის მონაწილეები მიზნად ისახავენ რუსეთის მიმართ შეკავების პოლიტიკის გატარებას, რათა მოსკოვი მიხვდეს, რომ ყველაფერს, რაც უკრაინაზე თავდასხმად ჩაითვლება, მაღალი ფასი ექნება.