ჟინვალის წყალსაცავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ცნობით, დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.
„სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყო.
სამართალდამცველები და მაშველები ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს 1965 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს ეძებენ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ი.ჟ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ჟინვალჰესში 55 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება.
ჟინვალჰესში სატვირთო ავტომობილი 14 ნოემბერს ღამით გადავარდა.