ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„უაღრესად მოხარული ვარ, რომ აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფები. მსურს, სიამოვნებთ აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ, ბრიუსელში შედგა. ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკვეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო დაჩქარებული ტემპით მიიწევს. მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ იგი ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყნის ხელისუფლებაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება. ეს ვალდებულება მე ავიღე, როდესაც ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში გასულ წელს.
ჩვენ გვაქვს მეგობრული, ძმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც ვფიქრობთ ამ დიდ ერზე. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ამ ქვეყანასთან, კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპით იზრდება და მტკიცედ გვაქვს განზრახული, გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე. ერთობაში ვგულისხმობ ევროკავშირს და არა საქართველოს, ეს ცალკე ქვეყანა და დიდი ერია“, – განაცხადა იუნკერმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.