ჟან კლოდ იუნკერი - რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებს საქართველო, მით უფრო დიდია ჩვენი მხარდაჭერა
საქართველოს მზადყოფნა, გააღრმავოს ევროკავშირთან ინტეგრაცია არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებს ქვეყანა, მით უფრო დიდია ჩვენი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა ბრიუსელში, 2018 წლის სამოქმედო გეგმასა და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ განაცხადა.
დოკუმენტებს ხელი საქართველოს საგარეო მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა მოაწერეს.
როგორც ჟან კლოდ იუნკერმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ადასტურებს, როგორი მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობა.
„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს მთავრობასა და ჩემს კარგ მეგობარ მამუკა ბახტაძეს ევროკომისიაში ამ განსაკუთრებული ღონისძიებისთვის, რადგან ეს არის დიდი დღე საქართველოსა და ევროკავშირისთვის. დღევანდელი შეხვედრა ადასტურებს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა. ეს არის ხანგრძლივი პარტნიორობა როგორც კულტურულად, ისე გეოგრაფიულად.
პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში მიმდინარე წელს, 26 მაისს და ჩემთვის დიდი პატივი იყო მენახა, ქართველი ხალხის სიმამაცე და ქართველი ერის ამბიციები. ამ დღეს ვთქვი, რომ ჩვენი ბედი და მომავალი ურთიერთდაკავშირებულია. საქართველოს მზადყოფნა, გააღრმავოს ინტეგრაცია ევროკავშირთან არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებს ქვეყანა, მით უფრო დიდია ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის 2014 წლიდან აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა 519 მილიონი ევროა.
„2014 წლიდან 519 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ საქართველოს ძალისხმევას და ვიმედოვნებთ, რომ დამატებით გავხსნით 55 მილიონი ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარების პროგრამას უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.
ბრიუსელში დღეს საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა იმართება. ფორმატი ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებსაც საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.
ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს.