ჟან-კლოდ იუნკერი - „ერასმუსის“ პროგრამის მონაწილეების მიერ შექმნილ ოჯახებში მილიონი ბავშვი დაიბადა
„ერასმუსის“ პროგრამის მონაწილეების მიერ შექმნილ ოჯახებში მილიონი ბავშვი დაიბადა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს, საჭირო უნარ-ჩვევების მიღებაში და უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდების მოგზაურობას. მათ, ვინც ერთად მუშაობს, სწავლობს, შემდეგ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „ერასმუსის“ პროგრამის ფარგლებში, 10 მილიონი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ და მილიონი ბავშვი დაიბადა იმ ოჯახებში, რომლებიც „ერასმუსის“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა, „ერასმუსი“ დემოგრაფიული პროგრამაცაა“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოყოს დაფინანსება, რათა „ერასმუსის“ პროგრამა გაფართოვდეს.