ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება არ გადაიხედება
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება არ გადაიხედება. ამის შესახებ ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გასვლის შესახებ შეთანხმება და პოლიტიკური დეკლარაცია შეთანხმებული იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ლიდერისა და ასევე გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ. ჩვენ უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შეთანხმება არის საუკეთესო და ერთადერთი შესაძლებელი. ის არ არის ღია განმეორებითი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა იუნკერმა.
იუნკერის თქმით, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის რეგულირების ე.წ. სათადარიგო მექანიზმი ბრექსიტის შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ამ მექანიზმის გააქტიურება საჭირო არ გახდება, თუმცა მას აუცილებელ იურიდიულ გარანტიად მიიჩნევენ, რათა ირლანდიის კუნძულზე „მყარი“ საზღვარი არ აღდგეს.
„სათადარიგო მექანიზმი“ – ეს არა ორმხრივი, არამედ ევროპული საკითხია. ირლანდიის საზღვარი არის ასევე ევროკავშირის საზღვარი, მისი ბაზარი კი ერთიანი ევროპული ბაზრის ნაწილია“, – აღნიშნა იუნკერმა.