„დიუნების ზღვა“ მარსზე — NASA ახალ ფოტოს აქვეყნებს #1tvმეცნიერება
„დიუნების ზღვა“ მარსზე — NASA ახალ ფოტოს აქვეყნებს #1tvმეცნიერება

NASA მარსის ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც წითელი პლანეტის დიუნების „ზღვაა“ ასახული.

სურათზე ასევე ჩანს მარსის ჩრდილოეთ პოლუსის ყინულის ქუდის გარშემო ქარისგან წარმოქმნილი ხაზები.

NASA-ს განცხადებით, ფოტოზე ასახულია 31 კმ სიგანის ტერიტორია, თავად დიუნების ზღვა კი გაცილებით დიდ ფართობს იკავებს.

სურათზე ფერები ნამდვილი არ არის და ისინი უბრალოდ ტემპერატურას ასახავს. ცისფერი ცივს, მოყვითალო ჩრდილები კი მზისგან გამთბარ დიუნებს.

მარსი,მარსის ფოტო,ქვიშა მარსზე

ფოტო სხვადასხვა კადრებისგან არის აწყობილი, რომლებიც მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის, Mars Odyssey-ის თერმული ვიზუალიზაციის ინსტრუმენტმა გადაიღო.

კადრები 2002 წლის დეკემბრიდან 2004 წლის ნოემბრამდე პერიოდშია გადაღებული, მაგრამ NASA მათ მხოლოდ ახლა, ხომალდის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად აქვეყნებს.

Mars Odyssey რობოტული კოსმოსური ხომალდია, მოძრაობს მარსის გარშემო და თერმული დეტექტორის საშუალებით აფიქსირებს პლანეტაზე წყლისა და ყინულის ნიშნებს.

ის 2001 წელს გაუშვეს და ამ დროისათვის, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ მარსულ ხომალდს წარმოადგენს.

მომზადებულია mars.nasa.gov-ის მიხედვით.