დიტო საძაგლიშვილი - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილმა კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ფორმა
დიტო საძაგლიშვილი - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილმა კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ფორმა

მიხეილ სააკაშვილი არის კმაყოფილი ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით და გამოცემული დროებითი ღონისძიებით, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ მიიღო.

„რაც შეეხება მოწოდებას, რეალურად, ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამისთვის სახელმწიფოს დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება და სააკაშვილის მიმართ იყო მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ჩვენ გვიმტკიცებს, მათ შორის ვნახე გუშინ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ თითქოს შიმშილობის შეწყვეტა არის მათი მიზანიც, თუმცა დღეს ვნახეთ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ ხდება ძალადობა სააკაშვილზე, სააკაშვილს აქვს ტანსაცმელი შემოხეული. რეალურად, ცხადია, რომ ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა ამ კადრების გავრცელებით. ბუნებრივია, რომ ამის უკან მდგომი რეალური მიზანი ხელისუფლების არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა, ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს სააკაშვილმა პროტესტის ისედაც მძიმე ფორმა, რაც მას აქვს არჩეული და მისი დაკავების დღიდან შიმშილობს“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს მასთან შევიდეს.

„ასევე, ამ კადრებთან დაკავშირებით ხაზი უნდა გავუსვა და ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანეთო, რეალურად მოხდა სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. მეთვრამეტე დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება, გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა. ცხადია, რომ ეს არის არაჰუმანიზმის, სიბოროტის წარმოუდგენელი გამოვლინება. იუსტიციის მინისტრმა შეეცადა ესაუბრა, რომ ისინი კონსტრუქციულები არიან და მეორე მხარე დესტრუქციული მოქმედებებით და განცხადებებით გამოირჩევა, რაც სრული აბსურდია. მოქმედებებში გამოიხატება, რა მიზნები გააჩნიათ მათ.  მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა არის, რომ საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს შევიდეს მასთან, ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები. გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია სააკაშვილის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბუნებრივია და აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი მადლობა და პატივისცემა საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ და გვსურს მოვუწოდოთ უკრაინის სახალხო დამცველს, რომ კვლავ განახორციელოს ვიზიტი და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი და მიადევნოს თვალი, როგორ ილახება მისი უფლებები ახლა უკვე გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს პასუხი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე და იყო კითხვები სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით და ნიშანდობლივია ევროკავშირის ელჩის ჰარცელის მიერ გაკეთებული განცხადება, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება, ასე რონ ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და დამატებით დეტალებს მოგახსენებთ მომავალში“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.