დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია - ლევან დავითაშვილისა და ირაკლი ლექვინაძის ჩართულობით ბიზნესსექტორის და მომხმარებელთა ინტერესი გავითვალისწინეთ
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2018 წლის პირველი სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კერძო სექტორის მოთხოვნითა და ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით რეგულაციის ამოქმედების ვადამ 6თვით გადაიწია, ახლა კი ბიზნეს სექტორის ინტერესების გათვალისწინებით კომპანიებს ახალ ეტიკეტირების წესზე გადასასვლელად დამატებით გარდამავალი პერიოდი მიეცათ.
„სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულატციების შედეგად, მომხმარებელთა და ბიზნეს სექტორის ინტერესთა გათვალისწინებით მიღწეულ იქნა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე. პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ საშუალება მოახდინონ მათი რეალიზება. ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატში მოხდება კომპანიებისათვის რეკომენდაციების გაცემა და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინი) სრულყოფა და არსებულის დაზუსტება. გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მხარეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, რათა ბიზნეს სექტორს არ შეექმნას პრობლემა ბაზარზე ოპერირებისას და მაქსიმალურად იქნეს დაცული მომხმარებელთა ინტერესი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის და მის აპარატის აქტიური ჩართულობით მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ბიზნეს სექტორის და მომხმარებელთა ინტერესი, რაც „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ეფექტურად იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად აქტიურად აგრძელებს ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციას, „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტთან დაკავშირებით კომპანიების წინაშე არსებული საკითხების სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან დაზუსტების მიზნით. ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას“,- ნათქვამია განცხადებაში.