დისტანციური სწავლების პროცესში სკოლების მანდატურები ვალდებულნი იქნებიან, კიბერბულინგის პრევენცია მოახდინონ
დისტანციური სწავლების პროცესში სკოლების მანდატურები ვალდებულნი იქნებიან, მიიღონ ზომები რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის პრევენციისთვის. აღნიშნულს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება (№95/ნ) ითვალისწინებს.
ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია, „უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მზაობა დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის პრევენციისთვის“.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მანდატურმა მოსწავლეებთან დისტანციურად უნდა ჩაატაროს ძალადობისა და კიბერბულინგის თაობაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების დაფიქსირებისთანავე, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.