დირკ ვიზე - საქართველო არის ლიდერი, მან ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა
საქართველო არის ლიდერი და მან ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. არსებობს განსხვავებული ტიპის ქვეყნები, განსხვავებული ტიპი თანამშრომლობისა და ეს ყოველთვის ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე და რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა ქვეყნები, სადაც არ არის განვითარების ისეთი ტემპები, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით. საქართველო არის ლიდერი და მან ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა. ეს განსხვავება მართლაც არსებობს“, – განაცხადა ვიზემ.
ამ განცხადებით დირკ ვიზემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა რთული დემოკრატიულობის თვალსაზრისით, მეტად განსხვავებული ქვეყნების ერთ ფორმატში მოქცევა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის წევრობა რამენაირად დაკავშირებული ევროკავშირთან პარტნიორობის ამ ფორმატთან და შესაძლებელია თუ არა, ის ევროკავშირის წევრობის წინაპირობა გახდეს, დირკ ვიზემ აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორობა“ ნამდვილი, ჭეშმარიტი მოდელია და ძალიან ბევრი რამ უკვე არსებობს – ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, რაც დღევანდელი საქართველოსთვის უდიდესი წარმატებაა და ეს ყველაფერი წინსვლაა.
„აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების, საქართველოს, ცენტრალური აზიის ქვეყნების და მრავალი სხვა მიმართულებით ასევე განხორციელდა არაერთი ინიციატივა – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. იმიტომ, რომ დემოკრატია ამ პრინციპებს ეფუძნება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ინიციატივების წყალობით არის შესაძლებელი. ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი 2020 წლის შემდეგაც გაგრძელდება. სწორედ 2020 წლის მეორე ნახევარში გერმანია იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. აქედან გამომდინარე, გერმანია გააგრძელებს ამ ფორმატის მხარდაჭერას და ზრუნვას, რა უნდა გაკეთდეს, რათა ეს ქვეყნები და განსაკუთრებით, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – განაცხადა ვიზემ.
შეკითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი რაღაც დროის პერსპექტივაში, დირკ ვიზემ განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორობის“ მიზანი ნებისმიერი ქვეყნის ევროკავშირის ღირებულებებთან დაახლოებაა და ეს პროცესი გრძელდება.