„დინამო თბილისმა“ პირველი თურქული შეკრება ცუდად დაიწყო, მაგრამ მაჟორულ ტონში დაასრულა. დღეს, „დინამოელებმა“ პირველი შეკრების ბოლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის ტულის „არსენალთან“ ჩაატარეს, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს. გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა თამაშობს, ახლახანს კი, რუსეთის ნაკრების ფორვარდი არტიომ ძიუბა ჩაირიცხა.
ძიუბამ „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა მაგრამ ვერაფერს გახდა, ისევე, როგორც მისი გუნდი. მართალია, მან 89-ე წუთზე გოლი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა არ ჩაუთვალა. სპარინგი კი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და „დინამო თბილისმა“ მეტოქეს ანგარიშით – 1:0 სძლია. შეხვედრის 63-ე წუთზე მეტოქის კარში ერთადერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
შეკრებაზე გუნდს უკრაინელი 24 წლის მცველი სერგი პეტკო შეუერთდა, რომელიც მანამდე „ვერესში“, „ჩერნომორეცსა“ და ოდესის „ჟემჩუჟინაში“ გამოდიოდა. პეტკოს ასევე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უასპარეზია. ის თბილისურ გუნდში სინჯებზეა.