დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2022“ გაიხსნა და ამავე სახელწოდების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2022“ (I ნაწილი) გაიხსნა და ამავე სახელწოდების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021-2022 წლებში, კულტურის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით შეძლო. მათ შორისაა 113 გამორჩეული მხატვრის 722 ნამუშევარი, რომელთაც მუზეუმი არ ფლობდა ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი საცავში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმ 17 მხატვრის მიერ საჩუქრად გადმოცემული 36 ნამუშევარი, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში.
ხაზგასასმელია, რომ ნამუშევრების შეძენისას, არჩევანი შეჩერდა იმ მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში (შერჩევის პროცესს ხელმძღვანელობდა მარიამ გაჩეჩილაძე, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ალექსანდრა გაბუნია).
კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრები. ასევე, შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის მიერ 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახველი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. ასევე, შესაძლებელი გახდა დიდი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის 73 ნამუშევრის შეძენა.
უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა, ვინაიდან აღნიშნული ქრონოლოგიური მონაკვეთი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება.
ამასთან, 1990-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დრამატულია, რის გამოც საკმაოდ რთული აღმოჩნდა რაციონალურად იმის გადააზრებაც კი, სად ვიმყოფებოდით, თუმცა, უმძიმესი სოციალური ფონის პირობებში, შემოქმედებითი პროცესები არ შეფერხებულა. აღნიშნულ წლებში შემოქმედებით ასპარეზზე გამოსული მხატვრები „ბოლო საბჭოთა თაობის“ მხატვრები აღმოჩნდნენ. ამგვარად, მათი ნამუშევრების შესყიდვა და მათი სამუზეუმო სივრცეში განთავსება გამოხატავს მადლიერებას მხატვართა მიმართ, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა იმ უმძიმეს დროსაც კი. გარდა ამისა, ეს თავისებური დემონსტრირებაა ევროპაში ინტეგრირების თანდათანობითი და არცთუ მარტივი პროცესისა.
აღნიშნული ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაიაზროს, თუ რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ლოკალური კონტექსტის შეზღუდვების გადასალახად და თანამედროვე ტენდენციებთან საკუთარი გამოცდილების დასაკავშირებლად.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად განხორციელდება.
დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 10 სექტემბრამდე შეეძლება. აღნიშნული გამოფენის პარალელურად კი სიღნაღის მუზეუმი ახალი კოლექციიდან ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.