დიმიტრი შაშკინი სოფელ ნახიდურში მომხდარ ფაქტზე - ჩვეულებრივი ბანდაა, რომელიც აქ დადის და აშინებს მოსახლეობას
გუშინ სხვა სოფელში იყვნენ, ემუქრებოდნენ ხალხს, ჩვეულებრივი ბანდაა, ამას იურიდიულად ჰქვია ბანდა, რომელიც აქ დადის და აშინებს მოსახლეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
შაშკინი აცხადებს, რომ ჩაიხანაში მყოფ მოქალაქეს 50-მდე ადამიანი დაესხა თავს.
„კვირა დღეს, დღისით, მზისით ადამიანი იჯდა თავის სახლთან, სვამდა ჩაის ჩაიხანაში. შემოვარდა 30-50 ნარკომანი, პირდაპირ ვთქვათ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანები და დაუწყეს ცემა. დალეწეს ჩაიხანა, სცემეს ადამიანს. გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ აქ იყვნენ სხვა სოფლელები გარშემო. ვინც ამ სოფელში ცხოვრობს, ამბობენ, რომ იყო ოთხი გასროლა, ბუნებრივია, ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც სცემდნენ ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეს. მთელმა სოფელმა დაინახა ეს ყველაფერი, ყველამ იცის გვარიც, სახელიც და ბუნებრივია, ეს ხალხი აქ დადის არაერთი დღე. გუშინ სხვა სოფელში იყვნენ, ზუსტად იგივე, ემუქრებოდნენ ხალხს. ჩვეულებრივი ბანდაა, ამას იურიდიულად ჰქვია ბანდა, რომელიც აქ დადის და აშინებს მოსახლეობას. ადამიანი იყო მარტო, სვამდა ჩაის, არავისთან არ შევარდა, არავის არ ემუქრებოდა, იჯდა, სვამდა ჩაის, შემოვარდა 30 ადამიანი, ჩაკეტეს კარები და დაიწყეს მისი ცემა“, – აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება დღეს
მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.