დიმიტრი შაშკინი - NDI-იმ კვლევის ჩასატარებლად აირჩია სატელეფონო გამოკითხვა, რომელიც არის სისხლის საერთო ანალიზი
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია არანაირი გუნდი, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის მეორე ნაწილი განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებისთვის კარის დაკეტვაზე და რატომ გადავიდა ნიკა მელია ცალკე ოფისში.
„ეს არის მიხეილ სააკაშვილის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია იმ ფასეულობების გარშემო, რომელსაც ასხივებს და რომლის მაგალითიც არის მიხეილ სააკაშვილი. ბუნებრივია, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ვინმეს თუ აქვს სურვილი, რომ ოფისი გახსნას, ეს მისი გადასაწყვეტია. ამაში მე პირადად ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ“, – განაცხადა შაშკინმა.
კითხვაზე, რატომ საუბრობს თავად ნიკა მელია გუნდის ორად გაყოფის შესახებ, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ნიკა მელია არ არის პარტია.
„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაც, რომ ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, უნდა გვიყვარდეს პარტია და არა – ჩვენი ადგილი პარტიაში“, – განაცხადა შაშკინმა.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა შვიდი წლის შემდეგ პარტიის კიდევ ერთხელ გაყოფას, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში საზოგადოებამ ნახა ადამიანები, რომლებიც პარტიას ტოვებდნენ და ქმნიდნენ თავიანთ პარტიებს, მაგრამ ამით „ნაციონალური მძრაობისთვის“ არაფერი შეცვლილა.
„ის იყო და არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის საკმარისი არ არის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს სამთავრობო პარტია, ანუ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში გამოცდილება გვაჩვენებს, რომ იყო ხალხი, რომელიც პარტიიდან წავიდა, მაგრამ ამით არაფერი დააკლდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. თერთმეტი წელი არ არის არც ისეთი დიდი პერიოდი, რომ ვინმეს დაავიწყდეს, გადახედეთ ისტორიას და თქვენ დაინახავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი არ დააკლდა. პირიქით, დააკლდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დატოვეს პარტია“, – განაცხადა შაშკინმა.
კითხვაზე, რატომ აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობა“ NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელმა წინა გამოკითხვასთან შედარებით კიდევ უფრო დაიწია, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ NDI-იმ კვლევის ჩასატარებლად ქართული კომპანია აირჩია და აირჩია სატელეფონო გამოკითხვა, სატელეფონო გამოკითხვა კი არის სისხლის საერთო ანალიზი, ხოლო „გელაპმა“ რაც გააკეთა, ეს არის სისხლის ანალიზი, MRT და ექოსკოპია ერთად.
„სატელეფონო გამოკითხვას აქვს თავის არსი, თავისი აზრი და ის აჩვენებს საერთო ტენდენციას, როგორც სისხლის საერთო ანალიზი, ლეიკოციტები მომატებულია თუ ნაკლები, ვიდრე უნდა იყოს. ეს არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავასკვნათ დიაგნოზი“, – განაცხადა შაშკინმა.
კითხვაზე, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ერთობის შექმნის მომხრე საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინებით და იგეგმება თუ არა კონსულტაციები სხვა პარტიებთან, შაშკინმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან, რომელიც ევროატლანტიკურ მისწრაფებებს იზიარებს და არის პროდასავლური, თუმცა რადგან არჩევნები ხვალ არ ტარდება, ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს ქართველ ხალხთან, გააძლიეროს თავისი ელექტორატი და როდესაც კონკრეტული მომენტი მოვა, ამაზე მერე შეიძლება საუბარი, ერთიანი სია იქნება თუ კოალიცია.
„ეს არის მომავლის პერსპექტივა“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.