დიმიტრი ქუმსიშვილმა „ქართული მინერალური მასალების“ ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „ქართული მინერალური მასალების“ ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო პირველ ეტაპზე 60, ხოლო უახლოეს პერიოდში, 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. კომპანიამ „ქართული მინერალური მასალები“ საწარმოში 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კომპანიას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ნედლეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების დიდი გაერთიანების შექმნა.
„ამ საწარმოს გახსნა და მისი წარმატებით ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მდიდარია საქართველო სასარგებლო წიაღისეულით, მათ შორის ისეთი რესურსებით, როგორც არის კვარციანი ქვიშები, კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები. ამ ტიპის რესურსებზე მოთხოვნა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, დავიწყეთ წიაღის მართვის რეფორმა, რომლის ფარგლებში ვგეგმავთ განვავითაროთ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის მოპოვება/გადამუშავებას საქართველოს ტერიტორიაზე და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ნედლეულის ზემო იმერეთსა და რაჭაში მოპოვება, რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის.
გადამუშავებული ნედლეულით „ქართული მინერალური მასალები“ მოამარაგებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“ და ა.შ. შესაბამისად, მსგავსი კომპანიები უკვე საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი მასალის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტებს წებო-ცემენტების, ბათქაშებისა და სხვა მშრალი სამშენებლო ნარევების სახით.
კომპანია პირველ ეტაპზე წლიურად 50 000 ტონა ნედლეულის წარმოებას შეძლებს და შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი გასამმაგდება.
„ეს ნიშნავს, რომ წებო-ცემენტის მწარმოებლებს მიეცემათ შანსი გამოიყენონ ქართული, ხარისხიანი ნედლეული, რაც შექმნის საფუძველს, რომ საქართველოსთვის საჭირო წებო-ცემენტის იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივად ნაწარმოები, მაღალხარისხიანი პროდუქციით“, – განაცხადა საწარმოს გახსნაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს წიაღისეული რესურსებით კერძო სექტორის დაინტერესება, ამისთვის კი აუცილებელია, რომ გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპის საბადოებთან დაკავშირებით, იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის, რათა ლიცენზიის გაცემაზე მიმართვიანობა გაიზარდოს და შესაბამისად, სახელმწიფომ შეძლოს ერთის მხრივ, განკარგოს მის საკუთრებაში არსებული რესურსი, გახადოს საინტერესო და მიმზიდველი კერძო სექტორისთვის და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს წიაღის რაციონალური სარგებლობა.
2018 წლის თებერვლიდან გეოლოგიური ინფორმაციის მიღებაზე ფასიანი მომსახურება გაუქმდა. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებული სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.
ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ დაწყებული პროცესები გაზრდის ახალი საბადოების გახსნისა და დამუშავების შესაძლებლობას, წიაღისეული რესურსების პოტენციურ მოსარგებლეთა დაინტერესებას, შეიქმნება კონკურენტული გარემო და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის წილი გაიზრდება.