დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს„ ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან როგორც დარგის, ისე აღნიშნული უწყების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სწორ განვითარებაზე, რომელმაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სანედლეულო ბაზაზე დაყრდნობით დამატებული ღირებულის შექმნასა და ახალი ინდუსტრიების განვითარებას.

შეხვედრაზე განხილული იყო დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე სიახლეები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს. აღინიშნა, რომ რეფორმები, რომლებიც წიაღის მართვის სფეროში მიმდინარეობს, გაგრძელდება და გახდება უფრო ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე.

პირველი ვიცე-პრემიერი ასევე გაეცნო საქართველოს სხვადასხვა წიაღისეულის ნიმუშებს, რომლებიც სააგენტოს სადემონსტრაციო დარბაზში იყო განთავსებული.

წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. მასში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები.