დიმიტრი ქუმსიშვილი - წელს ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით
ტურიზმის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი. წელს ჩვენ ტურიზმიდან ქვეყანაში ველოდებით 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia! ოფიციალურ ცერემონიაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორმა 180 000 ადამიანი დაასაქმა საქართველოში. პირველმა ვიცე-პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობისთვის და მიღწეული შედეგისთვის.
„დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არის მასტიმულირებელი კერძო სექტორისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თავად კერძო სექტორმა გამოავლინა საუკეთესოები თავის რიგებში. ჩვენ გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, საშუალოდ, ყოველწლიურად სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით 50 მილიონ ლარამდე ხარჯავს და ამაში არ ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას, რომელშიც ჩვენ ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია არის ერთადერთი ცერემონია ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის. ის 2015 წლიდან ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით.