დიმიტრი ქუმსიშვილი - USAID-ის მხარდაჭერილი პროექტები საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ეხმარება
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ენერგეტიკული პროგრამის პრეზენტაციაში, რომელსაც ასევე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროგრამის მენეჯერი ჯეიკ დელფია ესწრებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს.
მისი განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტები კი ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე.
USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგოინვესტიციების ოპტიმიზაციას, განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.