დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28 პროცენტით არის გაზრდილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28 პროცენტით არის გაზრდილი

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც მატება 20 პროცენტს აღემატება.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე რეფორმებზე და ა.შ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.

„სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფონდის მისიის შედეგებთან დაკავშირებით, მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.