სულ მალე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვენახოს, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
„დღეს საქსტატმა 2018 წლის მაისის თვის, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული მაჩვენებელი 7,5 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2018 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგში. ამ მონაცემის გამოქვეყნება დროში დაემთხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებას.
მინდა მოგახსენოთ, რომ ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის, როგორც ყოფილი, ისე დღევანდელი თანამდებობის პირთა დაუღალავი შრომა. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენ მიერ დაწყებული რეფორმების შეუქცევადობაში. სავალუტო ფონდის მხრიდან კი ეს არის მხარდაჭერა და აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის“, – წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა მოიწონა და მიიჩნია საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებლად, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს.
„რეფორმები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა დაიწყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას ევროპული დონის სახელმწიფოდ გადააქცევს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია. ჩემს CV-შიც შეიცვალა რიცხვები: დავიწყეთ 2,6%-დან მივაღწიეთ 7,5%-ს. სულ მალე ორნიშნა ზრდა გვენახოს!“, – წერს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა.