დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა თვიდან თვემდე სულ უფრო იზრდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა დარგების განვითარებისთვის, საქართველოს ბოლო წლებია სწორედ ამ გზით მიდის, თანამიმდევრულად ატარებს აღნიშნულ პოლიტიკას და ახორციელებს ინვესტიციებს, რომლებიც დარგების ზრდასა და ქვეყნის განვითარებას იწვევს. ამის შესახებ ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ჩვენ უზრუნველვყავით მაქსიმალურად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო დაბალი გადასახადებითა და გავამარტივეთ რეგულაციები. ამასთან, განსაკუთრებული ძალისხმევით ვმუშაობთ ჩვენი სატრანსპორტო ქსელებისა და მათი ხარისხის გასაუმჯობესებლად. ინვესტირება განვახორციელეთ აეროპორტებში და ყველა ზომა მივიღეთ აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, დაინერგა ე.წ. „ღია ცის“ პოლიტიკა, რითაც ბაზარი ღია გახდა და ყველა მსურველს მიეცა საშუალება ამ პრივილეგიით ესარგებლა.
„მოხარული ვარ, რომ თამამად შემიძლია გითხრათ – ამგვარმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგი და მომავალშიც მოგვიტანს სარგებელს. თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. გვიხარია და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რეგულარულად ინიშნება ფრენები ახალი მიმართულებებით, ხოლო არსებულიფრენების სიხშირე კი იზრდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებას, რომელსაც წელს საქართველოს დედაქალაქი თბილისი მასპინძლობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.