დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ლატვიის ახალ ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ლატვიის ახალ ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩს დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-ლატვიის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის განვითარებაზე ელექტრონული სერვისების, სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და „მწვანე“ ტექნოლოგიების მიმართულებით.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული კავშირები გაღრმავდება, ხოლო თანამშრომლობის მიმართულებები უფრო მრავალფეროვანი გახდება.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.