დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან

საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე იმ ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან, სადაც როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ექსპორტის გაზრდის მიმართულებით ძალიან დიდ პოტენციალია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  განცხადა.

მინისტრის განმარტებით, სწორედ ამ კრიტერიუმებიდან და ანალიზიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე ექვსი ქვეყანა შერჩეულიყო.

„კომერციული ატაშე ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი და ვიცით, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად გაამართლებს. ჩვენ გვჭირდება გამოცდილება და გვინდა, ეს გამოცდილება დავაგროვოთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. უკვე ამის შემდეგ, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რა რესურსებიც სახელმწიფოს ექნება, ქვეყნების ჩამონათვალს გავაფართოებთ“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში დანიშნული კომერციული ატაშეების დაფარვის არეალი გაცილებით  ფართო იქნება და მათ მეზობელ ქვეყნებზეც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი დღეს გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით, ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;  არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც. შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 14 დღის განმავლობაში იწარმოებს.