მიხეილ ჯანელიძე -  იმედს ვიტოვებთ, საელჩოებში კომერციული ატაშეების დამატება წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი
მიხეილ ჯანელიძე -  იმედს ვიტოვებთ, საელჩოებში კომერციული ატაშეების დამატება წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კომერციული ატაშეები საელჩოებში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ კომერციული ატაშეების დამატება წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

„ეკონომიკური დიპლომატია არის ჩვენი პრიორიტეტი წელსაც და დარჩება მომავალშიც. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებშია. ჩვენი მზიანია, რომ როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან გავაღრმავოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე, მოვიძიოთ ახალი ეკონომიკური პარტნიორები.

განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას ვაპირებთ ახალი მიმართულებით – ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ჩვენი მიზანია, რომ ახალ, მზარდ ბაზრებთან დამყარდეს უფრო მეტი კონტაქტი და გაჩნდეს ეკონომიკური ურთიერთობებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობები, როგორც ინვესტიციების კუთხით, ასევე ახალი ტექნოლოგიების, სავაჭრო, ტურიზმის მიმართულებით და ა.შ.

ეკონომიკური ატაშეები და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლები საელჩოს ჰყავს თითქმის ყველა მისიაში.

რაც შეეხება კომერციულ ატაშეებს, რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი იქნება ჩვენს საელჩოებში, ისინი შეირჩევიან ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენი მონაწილეობით და იმედს ვიტოვებთ, რომ უკვე წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება კომერციული ატაშეების დამატება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.