დიმიტრი ქუმსიშვილი - საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა უნიკალურია ამიერკავკასიაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ საქაერონავიგაციას ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. მან ამის შესახებ საქაერონავიგაციის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის გახსნის შემდეგ განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სისტემა, რომელიც დაინერგა, უნიკალურია ამიერკავკასიაში.
„სისტემას აქვს სამმხრივი დაცვის მექანიზმი. გარდა ამისა, არსებობს პარალელური სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია ქუთაისში და თუ მაგალითად უბედური შემთხვევის დროს თბილისი მთლიანად გაითიშა, ქუთაისს ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს სისტემის უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირება. 32 მილიონი ლარის ინვესტირება არის განხორციელებული ჯამურად მთელ სისტემაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის სასწავლო ცენტრი, რომელიც დღეს გავხსენით. ეს არის 3D სიმულატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, ჩვენი ავიამეთვალყურეები გადავამზადოთ, რაშიც ჩვენ მნიშვნელოვან თანხებს ვხარჯავდით და გარდა ამისა, სამომავლოდ, გავხადოთ ეს ცენტრი უკვე რეგიონულ სასწავლო ცენტრად და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიყვანოთ ავიამეთვალყურეები, რათა მათ მეტი და მეტი ცოდნა მივცეთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.