დიმიტრი ქუმსიშვილი - საგარანტიო ფონდის შექმნის შესახებ რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას
რეფორმა, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო საკრედიტო-საგარანტიო ფონდის ამოქმედების მექანიზმებზე მსჯელობა, ამ რეფორმის განხორციელების პროცესში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, ისე ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
„დღეს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან განვიხილეთ საგარანტიო ფონდების ძირითადი პრინციპები, საგარანტიო ფონდების ინსტრუმენტი ზოგადად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის კარგად აპრობირებული ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებელია მიმართული იყოს ძალიან კარგად თარგეთირებულ ჯგუფებზე, სადაც სახელმწიფოს აქვს სურვილი მათ განვითარებაში დაეხმაროს. მათ შორის, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებში დასაქმების გაზრდა, ქალბატონებში მეწარმეობის განვითარება. სწორედ ამ ძირითად პრინციპებზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ, რამდენად შეგვიძლია ყველამ ერთად გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ევროპაშია დაგროვილი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკს ევროკავშირის დაკვეთით გაკეთებული აქვს ძალიან კარგი დოკუმენტი, რომელიც სრულად აღწერს, რამდენად დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ასეთ ფონდებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სექტორების განვითარების მიმართულებით.
„მე დღეს ვთქვი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ აღნიშნულ ფონდში აქციონერები და მნიშვნელოვანი ნაწილი. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია, პირველი – გვინდა ძალიან გამჭვირვალე ვიყოთ, მეორე – მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და გვინდა ეს გამოცდილება გავიზიაროთ, მესამე – მათ აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია ამ ინიციატივასთან. მნიშვნელოვანია, ნაბიჯები გადაიდგას ახალი სამუშაო ადგილების შესაქმდენად, გადაიდგას ისე, რომ მოხდეს ეკონომიკის სწორი სტიმულირება და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღოთ სარგებელი ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისთვის“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, ახალი რეფორმა იწყება – საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, თავისი შინაარსით საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორია.