დიმიტრი ქუმსიშვილი - ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ, დასამალი არაფერი მაქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ, დასამალი არაფერი მაქვს

ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ, დასამალი არაფერი მაქვს, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროკურატურაში მისი გამოკითხვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ქუმსიშვილის განცხადებით, პროკურატურის კითხვები იყო ძალიან მარტივი და არ იყო პირდაპირ მასთან დაკავშირებული.

„პროკურატურაში გახლდით დაახლოებით 20 დღის წინ, შეიძლება, მეტის, არ მახსოვს ასე ზუსტად. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო ისეთი საკითხები, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში.

ყველა ის მოსაზრებაზე და კითხვაზე, რაც მათ ჰქონდათ, მაქსიმალური პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი უცხოეთიდან და შესაბამისად, დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა.

ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ. დასამალი არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ ღირსეულად ვემსახურე კარიერის განმავლობაში ჩემს ქვეყანას.

საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ეს კითხვები იყო ძალიან მარტივი და არ იყო პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, განმეორებით გამოკითხვაზე ის არ დაუბარებიათ.

ინფორმაცია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შესახებ დღეს გავრცელდა, რაც მოგვიანებით მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.

„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.