დიმიტრი ქუმსიშვილი - ბევრი ადამიანი მივრცელებდა ჭორებს, ეს დაკვეთა ჩემ წინააღმდეგ მუშაობდა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ბევრი ადამიანი მივრცელებდა ჭორებს, ეს დაკვეთა ჩემ წინააღმდეგ მუშაობდა

ბევრი ადამიანი მივრცელებდა ჭორებს, ეს დაკვეთა ჩემ წინააღმდეგ მუშაობდა, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროკურატურაში მისი გამოკითხვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ ბევრი ჭორია გავრცელებული წლების განმავლობაში. ჩემი სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს უარი ნათქვამი. როგორც წესი, შემდგომში ეს ჭორები მოდიოდა ამ ადამიანებისგან და ეს იყო ის დაკვეთა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ პროკურატურაში გამოკითხეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, განმეორებით გამოკითხვაზე ის არ დაუბარებიათ.

„პროკურატურამ მთხოვა, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო ისეთი საკითხები, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. ყველა ის მოსაზრებაზე და კითხვაზე, რაც მათ ჰქონდათ, მაქსიმალური პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი უცხოეთიდან და შესაბამისად, დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა.

ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ. დასამალი არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ ღირსეულად ვემსახურე კარიერის განმავლობაში ჩემს ქვეყანას. საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ეს კითხვები იყო ძალიან მარტივი და არ იყო პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ინფორმაცია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შესახებ დღეს გავრცელდა, რაც მოგვიანებით მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.

„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.