დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა
ისრაელში სამუშაო ვიზიტით მყოფი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს და ისრაელს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების ინტერესის ნათელი მაგალითია.
ამასთან, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „მაშავის“ საქმიანობა საქართველოში. სააგენტოს ძირითადი მიმართულებაა ისრაელის თანამედროვე გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაზიარება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქმნის. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის მხარის წარმომადგენლებს მოგების განაწილების რეფორმა გააცნო, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროგრესი, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმებმა მოიტანა, საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში აისახა. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ავტორიტეტულ რეიტინგში, სადაც საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-9 პოზიციაზეა.
ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე საუბრისას კი, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროგრესი სახეზეა, თუმცა პოტენციალი ძალიან მნიშვნელოვანია. 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ისრაელს შორის, წინა წელთან შედარებით, 31 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტი – 28 პროცენტით. საქართველოს ისრაელში, ძირითადად, ხილ-ბოსტნეულის წვენები, ლუდი, ღვინო და მინერალური წყლები და თხილი და კაკალი გააქვს.
ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ისრაელი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები განახორციელა. ამჟამად კი, 271 ისრაელური კომპანია მოქმედებს, რომელთა ჯამური ინვესტიციაც 124 მლნ აშშ დოლარია.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერა, ტურიზმი და სხვა. ოფიციალური სტატისტიკით, ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 26 პროცენტი შეადგინა.