დიმიტრი ქუმსიშვილი - ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ კიდევ უფრო იზრდება
დიმიტრი ქუმსიშვილი - ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ კიდევ უფრო იზრდება

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა.

„2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით. კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, რაზეც რეინვესტირების შთამბეჭდავი ზრდა მიანიშნებს“, – ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მნიშვნელოვნად – 129.6 პროცენტით გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 712 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას,გადასახადების ნაცვლად თანხები მიმართონ ახალ ინვესტიციებში, გააფართოონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. „პოზიტიური დინამიკა სახეზეა მიმდინარე წელსაც. თებერვალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებელი 5.5 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვალში 4.9 პროცენტია.

დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 28 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.