დიმიტრი ქუმსიშვილი - ევროპის ახალი საინვესტიციო გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზეც ვრცელდება
ევროკავშირი ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს, რომლოს ფარგლებშიც ევროკავშირი მობილიზებას გაუკეთებს რესურსებს 4.1 მილიარდი ევროს (12 მლრდ ლარის) ოდენობით.
აღნიშნული თანხა 44 მილიარდი ევროს საინვესტიციო პოტენციალის გენერირებას მოახდენს საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
„ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც დიდი პროექტების მხრივ დიდი ინვესტორების შემოყვანის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის საინვესტიციო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
კითხვაზე, რა თანხა შეიძლება მიიღოს საქართველომ, მინისტრი ამბობს, რომ ეს თავად საქართველოზეა დამოკიდებული.
„ევროპის საინვესტიციო გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზეც ვრცელდება. ჯამურად 4.1 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა ევროკავშირმა ამ ინსტრუმენტში, თუმცა მათი გეგმაა, რომ ამ ინვესტიციებმა უნდა მოახდინოს, მულტიპლიკატორის მეშვეობით, 41 მილიარდამდე ინვესტიციების მოზიდვა. თვითონ ინსტრუმენტი არის ძალიან საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ ეს იძლევა ინვესტორებისთვის რისკის შემცირების შესაძლებლობას. ანუ ეს არის ის საგარანტიო მექანიზმები, რომელსაც მიიღებს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორი იმისთვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ინოვაციური და სხვა მიმართულებებით ამ საგარანტიო მექანიზმების გამოყენებით, მათ შეძლონ თავიანთი რისკების შემცირება, დაინტერესებულ პირებზე კრედიტების გაცემა და შესაბამისად, ეკონომიკის წახალისება. საბოლოო ჯამში, ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც დიდი პროექტების მხრივ დიდი ინვესტორების შემოყვანის, ასევე მცირე პროექტების მხრივ პორტფელის მიხედვით რისკების შემცირების“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, თანხის მოცულობა საქართველოზეა დამოკიდებული. პრაქტიკულად ყველა ევროპული ბანკი იქნება ამაში ჩართული და ისინი იქნებიან ამ ინსტრუმენტების გამტარები.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გერმანიის საერთაშორისო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი – პრაქტიკულად ყველა საინვესტიციო ბანკი იქნება ამაში ჩართული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
საგარეო საინვესტიციო გეგმა ემყარება პრინციპს, რომლის თანახმადაც საჭიროებები უნდა დაფინანსდეს ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.