CheckinGeorgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება
CheckinGeorgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

CheckinGeorgia-ს 2018 წლის სეზონი 19 მაისს ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება – ამის  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა.

მისი თქმით, მორიკონესთან ერთად, საქართველოში 121-წევრიანი ორკესტრი ჩამოვა. კონცერტში ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 70-კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს.

„მოგეხსენებათ, წელს გვაქვს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე და სწორედ აღნიშნული იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეს კონცერტი. ვფიქრობთ, კარგი და ღირსეული არჩევანი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე ასეთი ღირსშესანიშნავი კონცერტით აღვნიშნოთ“, – განაცხდა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიელი კომპოზიტორი საქართველოში პირველად ჩამოდის, პროექტ CheckinGeorgia-ს ფარგლებში, მისი კონცერტით 19 მაისს „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება. პრესკონფერენციაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „ბლექ სი არენა“-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი მონაწილეობდნენ.

მორიკონე საქართველოში თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, 9.00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

19 მაისს დაგეგმილი კონცერტი კომპოზიტორის მოღვაწეობის 60-წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. როგორც ენიო მორიკონე ტურნეს შესახებ აღნიშნავს, სხვადასხვა ასაკისა და კულტურის მქონე მსმენელის წინაშე მისი მუსიკის შესრულება  საინტერესო გამოცდილებაა. „წელს აღვნიშნავ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების 60 წლისთავს, რომლის განმავლობაშიც 600-ზე მეტი ნაწარმოები შევქმენი. ტურნეს ფარგლებში ვასრულებ ლეგენდარულ კომპოზიციებს სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, ასევე „მისიიდან“, მაგრამ ტურნეს საერთო კონცეფცია მაინც განსხვავებულია, რადგან ვგეგმავ, წარმოვადგინო მუსიკა, რომელიც კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობისას შეიქმნა და ასევე კომპოზიციები სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, რომლებიც სხვა კონცერტებზე არ წარმომიდგენია“, – აღნიშნავს კომპოზიტორი.

ენიო მორიკონემ, თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, შექმნა 600-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები, აქედან 500–ზე მეტი კინოსა და ტელევიზიისთვის.  კომპოზიტორს ეკუთვნის საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა – „ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „ხელშეუხებელნი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“ და სხვა. მუსიკა ფილმისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ მსოფლიო საუნდტრეკების 200-ეულშია შესული. 2016 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის – „საძულველი რვიანი“ ორიგინალური მუსიკისთვის ენიო მორიკონეს რამდენიმე პრესტიჟული პრიზი ერგო, მათ შორის რიგით მეექვსე „ბაფტა“, მესამე „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“. მთლიანობაში რეჟისორი ექვსჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის“ ნომინაციაზე, 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ოსკარის პრემია მიენიჭა.  ასევე მას მიღებული აქვს „გრემის“ სამი ჯილდო.