დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე საუბრისას, პუტინი გულისხმობდა არა მოლაპარაკებებს, არამედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის მიზნების მიღწევას
უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით მისმა პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტება გააკეთა.
პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე საუბრისას პუტინი გულისხმობდა არა მოლაპარაკებებს, არამედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის მიზნების მიღწევას.
„არანაირი წინასწარი კონტაქტები ამასთან დაკავშირებით არ არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებაზე იმ მიზნების მიღწევის გზით, რაც რუსეთს აქვს დასახული“, – განაცხადა პესკოვმა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ, პირიქით, ომის დასრულება: „ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს. ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებებით სრულდება, რაც მალე, მით უკეთესი“.