დიმიტრი პესკოვი - წლის ბოლომდე უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე საუბარი შეუძლებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ნეგატიური პასუხით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ზელენსკიმ რუსეთს მოუწოდა, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს. პესკოვი აცხადებს, რომ ეს დაუშვებელია.
„წლის ბოლომდე უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე საუბარი შეუძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მშვიდობის დასამყარებლად გასათვალისწინებელია რუსეთის შემადგენლობაში ახალი რეგიონების შესვლა.
„აუცილებელია, რომ უკრაინულმა მხარემ ყურადღებაში მიიღოს ეს რეალობა, რომელიც ამ დროის განმავლობაში შეიქმნა. ეს რეალობა მივიღეთ იმ კურსის, იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ბოლო 15 ან 20 წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის დღევანდელი რეჟიმი ატარებდა. ეს რეალობა კი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში გაჩნდა ახალი სუბიექტები იმ რეფერენდუმების შედეგად, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩატარდა“, – განაცხადა პესკოვმა.