დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს
დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს

უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოსკოვი შეიმუშავებს იმ პირების სამართლებრივი დევნის შესაძლებლობებს, ვისაც კავშირი აქვთ რუსული აქტივების ინფლისკაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა, ეს არის საკუთრების უფლების ხელყოფა“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აგვისტოში ევროკავშირი უკრაინას გადასცემს გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან 1,4 მილიარდ ევროს ოდენობის პირველ ტრანშს. ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნული თანხით კიევისთვის საჭირო იარაღის შეძენას გეგმავენ.

„ამ ფულს არა მხოლოდ იპარავენ, არამედ ასევე ხარჯავენ იარაღის შესაძენად. ამაზე რამე უარესის მოფიქრება, ალბათ რთულია“, – აღნიშნა პესკოვმა.